გაუმჯობესების მეცნიერება

  ძირითადი კონცეფცია, რაც ხარისხის გაუმჯობესებას უდევს საფუძვლად, გულისხმობს, რომ უკეთესი ხარისხი ცვლილებებს მოითხოვს. თუ სისტემა არ შეიცვალა, მისგან მხოლოდ და მხოლოდ ისეთივე შედეგებს უნდა ველოდოთ. პოლ ბატალდენს რომ დავესესხოთ, "თითოეული სისტემა სრულყოფილად არის მოწყობილი იმ შედეგების მისაღწევად, რომელსაც აჩვენებს". ამ ფრაზაში მოცემულია ჯანდაცვის გაუმჯობესების თანამედროვე მიდგომის ცენტრალური იდეა: ხარისხი სისტემის მახასიათებელია. სხვანაირი ხარისხის (პროცესებისა და შედეგების) მისაღწევად ყველაზე არსებითი სისტემის შეცვლაა. სუსტად მოწყობილი სისტემები არაეფექტიანობისა და დაბალ ხარისხისთვის არის განწირული.  ხარისხის გაუმჯობესების (QI) მიდგომები არკვევს პროცესების ზედმეტ არასაჭირო, ან პირიქით, გამოტოვებულ ნაწილებს და პროცედურების განმარტებითა და/ან გამარტივებით ხარისხის გაუმჯობესებას ცდილობს.

  ასეთივე მნიშვნელობის კონცეფციაა: მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესება ცვლილებას აუცილებლად მოითხოვს, ყველა ცვლილება არ არის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ ცვლილებები უნდა გამოვცადოთ და შევისწავლოთ _ მხოლოდ ასე გავარკვევთ, აუმჯობესებს თუ არა სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ეფექტური ცვლილება მხოლოდ ერთ ნაწილზე ფოკუსირების ნაცვლად, ითვალისწინებს, როგორ არის სისტემის ნაწილები ერთმანეთთან დაკავშირებული და კოორდინირებული. მაგალითად, ტრეინინგებით პერსონალის ცოდნისა და უნარების ამაღლება მხოლოდ მაშინ გაუმჯობესებს ხარისხს, თუ ძველი სისტემის ძირითადი ხარვეზი სწორედ ტრეინინგების ნაკლებობა იყო. თუ პროცესებში არსებული ხარვეზებიც არ გამოსწორდა, სამუშაოს შესრულებისას საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ გამოვლენას ტრენირებული პერსონალიც ვერ შესძლებს. ანალოგიური შეხედულება სხვა სფეროებისთვისაც _ გაზომვა იქნება ეს, ინსპექცია, დირექტივების მიცემა, თუ რესურსების გაუმჯობესებაში ჩადებული ინვესტიცია _ ასევე სამართლიანია. ქმედებები ამ მიმართულებით სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს, თუ ამავე დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების მთელი პროცესიც არ გაუმჯობესდა.

  ჯანდაცვის გაუმჯობესებისას ცვლილებებს გაუმჯობესების, ან ცვლილების მოდელის გამოყენებით ცდიან. ასეთი მრავალი მეთოდი არსებობს. ყველა მათგანის საერთო მახასიათებელია ჩარევის დანერგვა და სასურველ შედეგზე, თუ გამოსავალზე ინტერვენციის გავლენის შესამოწმებლად ერთი ან მეტი ინდიკატორის მონიტორინგი. თუ ჩარევა გაუმჯობესებას იწვევს, მას სამუშაო პროცესის რუტინულ ნაწილად აქცევენ და ორგანიზაციის სხვა პროვაიდერებს უზიარებენ. თუ გაუმჯობესება არ მიიღწა, ინტერვენციის შეწყვეტა, ან მოდიფიცირება ხდება. გაუმჯობესების მოდელი, რომელსაც USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი იყენებს, შემუშავებულია Associates in Process Improvement-ს მიერ. როგორც სურათზეა გამოსახული, გაუმჯობესების მოდელი მოიცავს შუჰარტის ციკლს სწავლისა და გაუმჯობესებისთვის, რომელსაც სხვაგვარად ცნობილია, როგორც "დაგეგმე-გააკეთე-შეისწავლე-იმოქმედე" (Plan-Do-Study-Act (PDSA). ამ მოდელში გეგმავენ ცვლილებას, რომელსაც თვლიან, რომ გაუმჯობესებას მოიტანს. მიუხედვად ამისა, მოყვება თუ არა ცვლილებას გაუმჯობესება, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელიც უნდა დადასტურდეს, ან არ დამტკიცდეს. გუნდის წევრები ადგენენ გეგმას ცვლილების შესამოწმებლად, ტესტის შედებს კი სწავლობენ, რომ გაირკვეს, მართლა მიიღწა თუ არა სასურველი გაუმჯობესება. შემდგომი ნაბიჯები ტესტის შედეგებზეა დამოკიდებული.