სამედიცინო კონფერენცია სამტრედიის "ჯეოჰოსპიტალში"

09/02/2013

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში 2013 წლის 9 თებერვალს, 11:00 საათზე, სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალსში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „რესპირაციული სისტემის უხშირეს დაავადებათა მართვა პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარულ დაწესებულებებში – კლინიკური შემთხვევების ანალიზი“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართულმა ექიმებმა სამტრედიის 6 სოფლის ამბულატორიიდან და „ჯეოჰოსპიტლიდან“. კონფერენცია ე.წ. Case Study-ს ფორმატში ჩატარდა, ანუ ექიმებმა წარმოადგინეს ისეთი დაავადებების მართვის საკუთარი კლინიკურ შემთხვევები, როგორიცაა, პნევმონია, ბრონქიტი, კრუპი, ფარინგიტი და სხვა. მათი ანალიზის საფუძველზე მოხდა იმ ცვლილებების დემონსტრირება, რაც შესაძლებელი გახადა პროექტმა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პაციენტები მიიღებენ თანამედროვე დონის სამედიცინო სერვისს. ეს, ერთი მხრივ, მკვეთრად გააუმჯობესებს სამედიცინო დახმარების ხარისხსს და მეორე მხრივ, შეამცირებს მოსახლეობის დანახარჯებს ჯანდაცვაზე.

პროექტში მონაწილე იმერეთის რეგიონის ექიმების გარდა კონფერენციას დაესწრნენ „ჯეოჰოსპიტალსის“ ცენტრალური მენეჯმენტის წარმომადგენლები, ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების პროექტის წარმომადგენლები, პროექტის კონსულტანტები.