წნევის გაზომვის აქცია საქართველოს პარლამენტში

03/04/2013 14:00

არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცოდნის გაუმჯობესების, ცნობიერების ამაღლებისა და სკრინინგში აქტიურად ჩართვის მიზნით, 2013 წლის 1-7 აპრილს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომისიასთან ერთად ჩატარდა ჰიპერტენზიის კონტროლის კვირეული. პროექტის მიზანი იყო, საქართველოს პარლამენტში არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა რისკ-ფაქტორების გამოვლენა მასიური სკრინინგის მიზნით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროექტმა დაისახა, მაღალი არტერიული წნევის გამოვლენითა და კონტროლით (წნევის გაზომვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევები და რეგულარული მკურნალობის გაცნობიერება) ერთდროულად სხვა ის რისკ-ფაქტორებიც გამოევლინა, რომლებიც ხელს უწყობს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. 2 და მეტი რისკ-ფაქტორის გამოვლენის შემთხვევაში, შეფასდა კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების 10-წლიანი რისკი. არტერიული წნევის სკრინინგის გზით პარლამენტის 21 წევრმა ( მათ შორის, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ) და 40-მა  შუა რგოლის პერსონალმა გაიზომა წნევა, შეუფასდათ ქცევითი რისკ-ფაქტორები, მიიღეს შესაბამისი კონსულტაციები და გადაეცათ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები. აღნიშნული ღონისძიება მთელი კვირის განმავლობაში  გაშუქდა რეგიონული და ქვეყნის მასშტაბით არსებული ტელეარხების საშუალებით.