კლინიკური შემთხვევა-ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

1 reply [Last post]
Nato's picture
Nato
Offline
Joined: 06/02/2013

კლინიკური შემთხვევა - ფქოდ-ის მართვა

როგორც ცნობილია, ფქოდ სიკვდილობის უხშირესი მიზეზია ქრონიკულ რესპირაციულ დაავადებებს შორის. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ფქოდ-ის დიაგნოზის დასმა და მისი სათანადო მართვა ხშირად არ ხორციელდება ამ დაავადების მნიშვნელობის შესაბამისი შეფასების და/ან დიაგნოსტიკური კვლევების დაბალი ხელმისაწვდომობი გამო. ქვემოთ მოყვანილია დაავადების შემთხვევა, რომელიც მიუხედავად ფქოდ-ის დიაგნოზისა, არ არის შესაბამისად ნამართი, რის ფონზეც ადგილი აქვს მდგომარეობის გაუარესებას.

ნაწილი 1-ლი

58 წლის პაციენტმა ქალმა მოგმართათ იმის გამო, რომ გასული თვის განმავლობაში შეაწუხა ქოშინმა ჩვეულებრივ ფიზიკურ დატვირთვაზე. პაციენტს 1 წლის წინ დაესვა ფქოდ-ის დიაგნოზი და დაენიშნა სალბუტამოლის ინჰალაცია საჭიროებისამებრ. ქალბატონი სალბუტამოლის ინჰალაციაზე თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობდა და ამიტომ მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო  დაწესებულებისთვის აღარ მიუმართვას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 5 თვის წინ გაცივდა, რის ფონზეც განუვითარდა ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა და ნახველის გაძლიერებული გამოყოფა. პაციენტმა ამ ეპიზოდის მართვა განახორციელა თვითმკურნალობით, კერძოდ, მიიღო გარკვეული ანტიბიოტიკები, რის ფონზეც თავი უკეთ იგრძნო და ამდენად, ექიმისთვის მიმართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა. ბოლოს სპირომეტრიული გამოკვლევა ჩატარებული აქვს 1 წლის წინ, როდესაც დაავადების დიაგნოზი დაუდგინდა. მაშინ FEV1-ის მნიშვნელობა სავარაუდოს 60% იყო, ხოლო FEV1/FVC შეფარდება: 0.65.

ქალბატონი დღეში ეწევა 25 ღერ სიგარეტს (უკვე 30 წელია) და რამდენჯერმა სცადა თაბაქოსთვის თავის დანებება, თუმცა, უშედეგოდ. ფქოდ-ის დიაგნოზის დასმის მომენტში ექიმმა მას ურჩია თამბაქოსთვის თავის დანებება, თუმცა ამ მიზნით რაიმე დახმარება არ შეუთავაზებია. ამდენად, სიგარეტის მიტოვების ეს მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მედიკამენტებიდან პაციენტი რეგულარულად ღებულობს სალბუტამოლს დოზირებული ინჰალატორით 200მკგ-ს 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ. ასევე დანიშნული აქვს ატენოლოლი 50მგ ჰიპერტენზიისთვის და ატორვასტატინი 10მგ ჰიპერქოლესტეროლემიის კონტროლის მიზნით. სხვა თანმხლები პათოლოგიები არ აღენიშნება.

შეკითხვები კლინიკური შემთხვევის 1-ლ ნაწილთან დაკავშირებით:

1)      შეესაბამება თუ არა ზემოთ აღწერილი კლინიკური შემთხვევის მართვა ფქოდ-ის დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე მტკიცებითი გაიდლაინების რეკომენდაციებს?

2)      რა დამატებით დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ღონისძიებებს შესთავაზებდით ამ პაციენტს?

ნაწილი მე-2

ფიზიკალური გასინჯვით: არტერიული წნევა 135/85 mmHg, პულსი - 100’, სუნთქვის სიხშირე - 20’, ხოლო  ტემპერატურა 37°C. პაციენს შეუძლია დასრულებული წინადადებებით საუბარი. ფილტვების ასუკულტაციით ვლინდება გაფანტული მსტვინავი ხიხინი შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვის ფონზე.

პაციენტს დაენიშნა შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:

1)   ფილტვების რენტგენოგრაფია, რომლის შედეგიც წარმოდგენილია ქვემოთ:


 

 2)   სპირომეტრიული გამოკვლევა:

  • FEV1 - სავარაუდოს 44%
  • FEV1/FVC შეფარდება:  0,45

 

3)      სისხლის კლინიკური ანალიზი:

  • ლეიკოციტები - 8,13X109/l
  • ერითროციტები - 6,11 X109/l
  • HCT - 61,1%
  • HGB – 176g/l

4)      ელექტროლიტები:

  • Na+ -- 142,2mmol/l
  • K+ -- 4,63mmol/l
  • Ca+ -- 1,04mmol/l

შეკითხვები კლინიკური შემთხვევის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით:

1)      ჩამოაყალიბეთ პაციენტის კლინიკური პრობლემა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები;

2)      ჩამოაყალიბეთ მდგომარეობის მართვის გეგმა და განსაზღვრეთ მიმდინარე მეთვალყურეობის დროს განსახილველი საკითხები.