გულის მსოფლიო დღე

11/11/2013 23:07

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინსულტი მსოფლიოში სიკვდილობის წამყვანი მიზეზებია, რომელთაც ყოველწლიურად 17,3 მილიონი სიცოცხლე ეწირება და ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. გულის დაავადებებითა და ინსულტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობის სულ ცოტა, 80% შეიძლება აცილებული იყოს ძირითადი რისკ-ფაქტორების - თამბაქოს მოხმარების,  არაჯანსაღი კვების, დაბალი ფიზიკური აქტიურობის, ჭარბი წონის,  მაღალი არტერიული წნევის  - მოდიფიცირებით. გულის მსოფლიო ფედერაცია ყოველწლიურად აწყობს გულის მსოფლიო დღეს, რათა აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება და მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით.

2013 წლის გეზი ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვისკენაა მიმართული, რაც  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (CVD) პრევენციასა და კონტროლს მოიცავს, აქცენტით ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე. გულის დაავადებებისა და ინსულტით გამოწვეული არასასიკეთო გავლენის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ  ბავშვობის ასაკიდანვე დაინერგება ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის შენარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

გულის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩვენმა პროექტმა თარგმნა და ადაპტირებული სახით გამოუშვა გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ შემუშავებული ბროშურა, რომელიც გაავრცელა და დაურიგა ბავშვებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურისა და დასვენების პარკში- მუშთაიდის ბაღში. ბუკლეტები გადაეცა CI დაწესებულებების ოჯახის ექიმებსა და პედიატრებს მათ პედიატრიულ პაციენტებში გასავრცელებლად (სულ 1000 ბუკლეტი დარიგდა) და დაიდო პროექტისა და  დკსჯეც-ის ვებ-გვერდებსა და აგრეთვე, Facebook-ის შესაბამის გვერდებზე.

"გავწითლდეთ!" - ამ ინიციატივის საპასუხოდ, ჩვენ მოვიწვიეთ წითელ ფერებში ჩაცმული ადამიანები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების ადრეული პრევენციისა და მართვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

"გზა ჯანსაღი გულისკენ" საერთაშორისო კამპანიაა, რომელსაც ხელი შეუწყო მსოფლიო გულის ფედერაციამ და ამერიკის გულის ასოციაციამ. "ამ ღონისძიების სიმბოლოა წითელი კაბა, როგორც ქალის იმიჯის უნივერსალური ატრიბუტი და წითელი ფერი, როგორც ცხოვრების, ჯანმრთელობის, სიკაშკაშის, მაგრამ ამასთანავე, გაფრთხილების მიმანიშნებელი ფერი!"