ექსპერტთა შეხვედრა მოზრდილებში არტერიული ჰიპერტენზიის მართვის გაიდლაინის პროექტის განხილვაზე

06/03/2014

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩაატარა შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, პროფესიული სამედიცინო ასოციაციების ლიდრებსა, საქართველოს მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და კლინიკური სფეროს ექსპერტებთან, რათა ერთობლივად გაეზიარებინათ ჰიპერტენზიის პრევენციისა და კონტოლის ღონისძიებები და განეხილათ მოზრდილებში არტერიული ჰიპერტენზიის მართვის ეროვნული გაიდლაინის პროექტი.

არტერიული ჰიპერტენზიის გაიდლაინი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ინიციატივაზე საპასუხოდ, შემუშავდა USAID ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. სახელმძღვანელო განავითარა გაიდლაინების სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის გუნდთან ერთად შევიდნენ შესაბამისი სამედიცინო პროფესიული ასოციაციების ძირითადი კლინიკური ექსპერტები. ეყრდნობა რა, უახლეს, საუკეთესო ხელმისაწვდომ, საერთაშორისო მტკიცებულებებს და ადაპტირებულია რა ქვეყნის კონტექსტთან მიმართებით, არტერიული ჰიპერტენზიის გაიდლაინში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის წარმოდგენილია 152 განახლებული რეკომენდაცია 24 კლინიკურ შეკითხვაზე, რომელიც მოიცავს ჰიპერტენზიის სკრინინგის, დიაგნოზისა და მართვის პრაქტიკულად ყველა ასპექტს. თითოეული პაციენტისთვის, ყოველ ვიზიტზე, ჰიპერტენზიის სკრინინგისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის განსახორციელებლად, გაიდლაინში თავმოყრილია კლინიკური პრაქტიკის დამხმარე მასალები, მოწოდებულია ალგორითმები, სქემები, სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩასაკრავი ფორმები და ჩატარებული სერვისის ხარისხის შეფასების რუტინული ინდიკატორები. პაციენტის განათლებისა და თვითმართვის მხარდასაჭერად, პროექტმა შეიმუშავა გაიდლაინის პაციენტისთვის განკუთვნილი ვერსია და პაციენტის დღიური. 

შეხვედრაზე ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს მოზრდილებში პრიორიტეტული ქრონიკული დაავადებების მართვის თაობაზე მტკიცებულებების განახლების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი გაიდლაინის პროექტის ხარისხს. გაიდლაინის ზოგიერთი ასპექტის განხილვამ ექსპერტებში ცხარე დისკუსია გამოიწვია. შეთანხმდნენ, რომ გაიდლაინის განვითარებაზე მომუშავე ჯგუფმა ყველა კომენტარი წარმოადგინოს ვერბალური, ან ელექტრონული სახით. შეხვედრის მონაწილეების საბოლოო კომენტარების შემდეგ, აღნიშნული გაიდლაინის პროექტი წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად.

შეხვედრა გაშუქდა ეროვნული ტელეკომპანიის ორი არხის საინფორმაციო გამოშვებაში, როგორც სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მაგალითი.